RSS

საუბარი სარკეში





მონოლოგი პირველი.

რატომ მიყუებ ამღვრეული და გაციებული თვალებით...
სიგარეტს საფერფლეში აფერფლებ და მასთან ერთად ფიქრსაც....

დაიღალე?

შენ ხომ არ გჩვევია წუწუნი, ყველაზე ძლიერი ადამიანი ვარ ამ ქვეყნადო, განა ამას არ მეუბნებოდი? ახლა კი დაიღალე? ან იქნებ გინდა, რომ უბრალოდ თავი შემაცოდო, აი ნახე როგორ ვიღლები, შენ კი ერთი თბილი სიტყვა გენანება ჩემთვისო....

გუშინ დაგინახე, იების თაიგული მკერდზე გქონდა ჩახუტებული , მომღიმარი და ბედნიერი მოაბიჯებდი მგონია, თვალები კი რატომღაც საოცრად სევდიანი იყო.....

ხომ გიყვარს იები? მითუმეტეს თუ ის საყვარელმა ადამიანმა გაჩუქა სიყვარულის დღეს....

ვიცი, შენი ოთახი პატარა და მყუდროა, ყვავილებით და სითბოთი სავსე, ნაზი მუსიკა ტალღებად იღვრება და ხმამაღლა კითხულობ საყვარელი ადამიანის ლექსებს... ეს ხომ შენი სამყაროა, მშვიდი და მღელვარე.

რატომ ბრაზობ?

და თვალები ობოლი ცრემლით გევსება.....

კარგი, გავჩუმდები აღარაფერს გეტყვი...

ვიცი, იები ერთი პატარა გოგონასაგან იყიდე და საკუთარი თავი დააჯერე, რომ ისინი საყვარელმა ადამიანმა გამოგიგზავნა...

არც შენი ოთახია პატარა და მყუდრო, ის დიდია, ცარიელი და სავსე შენი მარტოობით....

საცალფეხო ბილიკზე მიმავალს ფეხისგულებს გიწვავს ჩუმი ტკივილი და სიგარეტში კლავს დარდს.....

ჯობია
აბურდული თმა გაისწორო და მზეს შეეგებო, ღამე ისედაც შენია....

ჰო,

რატომღაც დავიჩემე საკუთარ თავთან საუბარი...

მიყვარს სარკის მიღმა მდგარი ადამიანის სულის ლაბირინთში სიარული..

იქ იმდენი გაუკვალავი ბილიკი და ამოუცნობი სამყაროა....


მონოლოგი მეორე

სასწაული ხარო...
არა, სასწაული არ ვარ...
უბრალოდ ერთი პატარა, სულელი და უზომოდ შეყვარებული ადამიანი ვარ.
არ გჯერა?
ჩამხედე თვალებში და ეცადე დაინახო სულის ნაპირი.
არა, არ გებუტები,რატომ გგონია, რომ გაგებუტე?
უბრალოდ მიყვარს, როცა ზრუნავ ჩემზე, გაბუტვის გეშინია და მეფერები.
რატომ ბრაზობ?
რა ვქნა, თუ სულ შენთან ყოფნა მინდა, ნუ იმიზეზებ, დრო არ მაქვსო, იცოდე ისევ გაგებუტები...
რას მომჩრებიხარ თმააჩეჩილი და პირდაუბანელი, წვერგაუპარსავი, მოგიდუღებ ყავას და იყავი ამ ყავასა და შენს სიგარეტთან ერთად, მე ხმასაც არ გაგცემ.
და იცი რატომ?
სულ მე გესაუბრები,
სულ ასე ჩუმად როგორ უნდა იყო...
მომბეზრდა მონოლოგი საკუთარ თავთან,
დღეიდან აღარ ჩავიხედავ დილაობით სარკეში, რომ არ დაგინახო თვალებში არეკლილი.

0 коммент.:

Отправить комментарий

კომენტარები